მიხეილ სააკაშვილი

"ვუშვებდი და ვუშვებ შეცდომებს, საჭიროა დეესკალაცია" - სააკაშვილის წერილი პოროშენკოს

facebook.com/svyatoslav.tsegolko

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ Facebook-ზე გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის წერილი პეტრო პოროშენკოსადმი, რომელიც სააკაშვილის თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაწერა. მანამდე გამოცემა ინსაიდერი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს წერილი ციხიდან ევროკავშირის ერთ-ერთი ელჩის საშუალებით მიაწოდა.

ცეგოლკო ამბობს, რომ წერილის გასაჯაროვების მიზეზი საზოგადოებრივი ინტერესი და სააკაშვილი გახდა, რომელიც ამ წერილის შინაარსით მანიპულირებს.

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან ეს წერილი პეტრო პოროშენკოს მართლა მიწერა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერილში წერს, რომ ის ბევრ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებდა და კიდევ უშვებს.

"პატივცემულო პეტრე ალექსის ძევ, ბატონო პრეზიდენტო

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მე აგრესიულად არ ვარ განწყობილი. თქვენ კარგად მიცნობთ და მშვენივრად ხვდებით, რომ ჩემი ფსბ-თან თანამშრომლობაში დადანაშაულება არა მხოლოდ აბსურდია, არამედ უკრაინის მტრებსაც ახარებს.

რასაკვირველია მე ვუშვებდი და ვუშვებ ბევრ პოლიტიკურ შეცდომას, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ვითარების დეესკალაცია და დესტაბილიზაციის აღკვეთა. 

მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე თქვენს წარმომადგენელს მოსალაპარაკებლად."- წერს სააკაშვილი.

სანამ სააკაშვილის წერილი პეტრო პოროშენკოსადმი საჯარო გახდებოდა, ინფორმაცია ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის "სამოქალაქო პოზიციის" ლიდერმა ანატოლი გრიცენკომ გაავრცელა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რას ეხებოდა წერილი, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ასე იქცევიან გამარჯვებული ადამიანები. 

"მე გავაკეთე ის, რასაც აკეთებენ გამარჯვებულები, ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები არიან. მე მას ვუთხარი: "თქვენ მე არასწორად დამადანაშაულეთ. არ შეიძლება, არ იცოდეთ, რომ შეურაცხყოფაა, როცა რუსეთის აგენტს მეძახით". მე მითხრეს, რომ პრეზიდენტი რამდენიმე დღეში მზად იქნებოდა ჩემთან შესახვედრად, მაგრამ მე ვთქვი, რომ ასე არ გამოვა. მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც სადღაც უკანა კარიდან შედის,"- თქვა სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში.

კომენტარები