მთავრობა პარლამენტში

კვირიკაშვილი: ენერგოტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ არც მნიშვნელოვნად გაზრდილა,

პარლამენტი

გიორგი კვირიკაშილმა უმცირესობის სხდომაზე გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად თქვა, რომ ენერგოტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ არც მნიშვნელოვნად გაზრდილა, ეს კი მნიშვნლოვანია და რომ საქართველომ 2014 წლის უკრაინის, ასევე სირიის კრიზისის პირობებში ეკონომიკა შეინარჩუნა. 

ბოკერიამ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის დაპირებების ვიდეოკოლაჟი ჩართო, სადაც ყოფილი პრემიერმინისტრი ელექტროენერგიის და გაზის ტარიფების გაიაფების შესახებ საუბრობს. 

"ბატონო გიორგი, მეოთხე წელი იქნება ყველასთვის კარგიო. მე-5 წელია თქვენი პოლიტიკური გუნდის წელთაღრიცხვით. მე მაქვს ასეთი კითხვა: თქვენ როგორ თვლით, აი ეს დაპირებები თქვენი პოლიტიკური გუნდის, მაშინდელი ლიდერის, ჩვენი აზრით ახლანდელისაც, მაგრამ ვიცი, რომ თქვენ არ დამეთანხმებით, რომ გაზის ფასი შემცირდება 2-ჯერ ან 3-ჯერ, როცა ჩვენ ვიცით, რომ გაიზარდა, რეგიონებში განსაკუთრებით -  დღევანდელი გადმოსახედიდან აი ეს დაპირებები იყო შეგნებული სიცრუე, შეგნებულად მოტყუება ამომრჩევლის, უბრალოდ არაკომპეტენტურობა და არასაკმარისი ინფორმაცია და უპასუხისმგებლობა თუ თვლით, რომ ეს კონკრეტული დაპირებები შესრულდა და ჩვენ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ", - იკითხა ბოკერიამ. 

კითხვაზე კვირიკაშვილმა უპასუხა: 

"არ ვიცი, თქვენი ინტერესებისთვის რამდენად სასარგებლოა ის, რაც აჩვენეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ ვიდეორგოლში საუბარი ზუსტადაც იმ საქმეების შესახებ, რაც ჩვენ რეალურად გავაკეთეთ. პირველ რიგში: ენერგოტარიფი. ის, რაც 2014 წელს მოხდა უკრაინაში, არა მგონია დედამიწის ზურგზე რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიც ამ ყველაფრის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა გაიარა უმძიმესი ეკონომიური კრიზისი. და ამ ეკონომიკური კრიზისიდან საქართველო გამოვიდა ყველაზე ნაკლებად დაზიანებული სწორი ფისკალური, მონეტარული და სწორი შიდა ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე.

ვინაიდან მოხდა მნიშვნელოვანი დევალვაცია ენერგეტიკის ფასწარმოქმნაში და დოლარის კურსს ენიჭება ძალიან დიდი წილი, აქედან გამომდინარე და რამდენადაც ისიც ახსენა, მე რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილმა, რომ გარკვეული პროგნოზები, რომელიც მას მიაწოდეს სხვადასხვა ექსპერტებმა, შეიძლება არ იყო ბოლომდე ზუსტი. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, ენერგეტიკის ფაქტორები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ლარში ის არ გაყვა მთლიანად სავალუტო კურსს და ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა ისეთ მასშტაბებში, რომელიც ფასების კონტროლის კუთხით ჩვენს ქვეყანას არ მოუტანდა დამანგრეველ ეფექტს". 

კომენტარები