ვირტუალური ვალუტა

ეროვნული ბანკი: ვირტუალური ვალუტების გამოყენებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკი ვირტუალურ (კრიპტოგრაფიული) ვალუტებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს აფრთხილებს. სებ-ის განმარტებით, ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს.

"დღეს არსებულ ვირტუალურ ვალუტებს ახასიათებს ფასების დიდი მერყეობა, რაზეც, დიდი ალბათობით, გავლენას სპეკულაციური მოლოდინები ახდენს. ამდენად, ვირტუალური ვალუტების ფასების არასტაბილურობის გამო, მათი მომხმარებლები პოტენციური ფინანსური ზარალის წინაშე შეიძლება დადგნენ.

ვირტუალური ვალუტების შემთხვევაში, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რის გამოც მომხმარებელთა პრობლემების/დავების გადაჭრის პროცესი მნიშვნელოვნად იქნება გართულებული.

ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვლითი პლატფორმების და ციფრული საფულეების საშუალებით ხდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია შექმნილი და მათი სამართლებრივი სტატუსი რიგ შემთხვევებში გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები, რომლებიც ასეთ პლატფორმებს იყენებენ სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად, შესაძლოა აღმოჩნდნენ როგორც სამართლებრივი, ასევე ფინანსური რისკების წინაშე. ამასთანავე, ასეთი პლატფორმები კიბერშეტევის პოტენციური სამიზნეა.

ვირტუალური ვალუტის ანონიმურობა/ფსევდო-ანონიმურობა მიმზიდველს ხდის მას არაკანონიერი საქმიანობისთვის, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის" - აცხადებს ეროვნული ბანკი და მოუწოდებს მოქალაქეებს, "ვირტუალური ვალუტების გამოყენებისას გამოიჩინონ სიფრთხილე და მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოებები".

კომენტარები