უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ხეები

გარემოს დაცვის სამინისტრო: წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გაძლიერდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გაძლიერდა. ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციისაგან და ჯარიმების შესახებ აფრთხილებს.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში - ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში - სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე ახორციელებს." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები