ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

გიორგაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე: აჟიოტაჟი გაუგებარია, ჩაიხედონ საქმეში

მიხეილ გიორგაძე
ტაბულა

კულტურის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ხელმძღვანელი წელიწად ნახევარზე მეტია შეიცვალა და არაა სიმართლე, რომ გერმანული მხარე მანანა ბერიკაშვილით უკმაყოფილოა.

"ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი დღეს არ დანიშნულა პროექტის ხელმძღვანელად, ის წელიწად ნახევარზე მეტია ხელმძღვანელობს ამ პროეტს. ის, რაც მოხდა დღეს, გახლავთ ორგანიზაციული ვერტიკალის მოწესრიგება და ფუქნციური შინაარსიდან გამომდინარე პოზიციებზე სახელების დარქმევა. რაც შეეხება იმას, რომ გერმანული მხარე არის უკმაყოფილო ქალბატონი მანანას საქმიანობით, აბსოლუტურად არ შეესაბამება ეს სიმართლეს. ყველა შეხვედრაზე, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტთან, ასევე მის მოადგილეებთან, ვიცეპრეზიდენტებთან, უმაღლესი შეფასება არის ყოველთვის გამოხატული მათი მხრიდან მომზადების და საქმეების, ასე ვთქვათ სტატუს კვოს დონით, ყოველ მოცემულ მომენტში რა სტატუს კვოც იყო", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ პარლამენტის სხდომაზე, სადაც მტავრობას ამტკიცებენ.

ის სთხოვს ყველას, რომ "ჩაიხედონ საქმის ვითარებაში" და შემდეგ გააკეთონ განცხადებები. 

"ჩემთვის გულწრფელად, აბსოლუტურად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა დღეს ამ საკითხის გარშემო და მინდა ვთხოვო ყველას, რომ ჩაიხედონ საქმის ვითარებაში და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთონ შესაბამისი განცხადებები", - ამბობს გიორგაძე.

არსებული ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ორი ახალი ხელმძღვანელი დაუნიშნეს. დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ფრანკფურტში საქართველოს რეპრეზენტატორი, სიმბოლური ხელმძღვანელი იქნება. პროექტის კიდევ ერთ პასუხისმგებელ პირად კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაინიშნა. თავად წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის თქმით, მას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია აუკრძალეს. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოებისას შექმნილი პრობლემების გამო, მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით კულტურის მინისტრს მიმართა.

60-ზე მეტი მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და კულტურის მინისტრს მიმართავს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს სამუშაო პროცესში ხელი შეუწყონ. ისინი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება უპირობოდ აფერხებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის მზადების პროცესს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის შეფერხებაზე საუბრობს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოც.

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წლიდან მიმდინარეობს. 2014 წელს, კულტურის სამინისტრომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო ღონისძიების შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებაზე.

2014 წელსვე, პროექტის ფარგლებში, კულტურის სამინისტრომ შექმნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ეფექტური და წარმატებული მართვა.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის ბიუჯეტი 16 მილიონი ლარია.

კომენტარები