მთავრობა პარლამენტში

ჯანელიძე კანდელაკს: თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია

პარლამენტი

მიხეილ ჯანელიძის თქმით, გიორგი კანდელაკის მიერ პარლამენტში დღეს განცხადება სიცრუეა. 

საქმე ევროპული საქართველოს წევრის მიერ დასმულ კითხვას ეხება. კანდელაკმა დღეს იკითხა, რა ინსტრუქცია აქვს მიცემული საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ვინაიდან მას მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებში, სადაც რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მას უპასუხა, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ხმის აღდგენის საკითხი არ წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციას. 

ხმის უფლება რუსეთმა 2014 წელს, უკრაინაში ინტერვენციის გამო დაკარგა, თუმცა დოკუმენტში, რომლითაც ასამბლეამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთის საქართველოს ოკუპაციაც იყო ნახსენები. 

"ჩვენს ელჩს აქვს ძალიან მკაფიო ინსტრუქცია, იმოქმედოს ევროპის საბჭოს პრინციპებისა და ეროვნულ ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრთა კომიტეტის განხილვებს, მინდა მოგახსენოთ, რომ ინფორმაცია, რომელიც თქვენ გააჟღერეთ, არის მცდარი ინფორმაცია, რადგანაც რუსეთის ფედერაციის დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ხმის აღდგენის საკითხი არ წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციას და შესაბამისად, მისი განხილვა ამ ფორმატში ვერ მოხდებოდა ვერანაირად. შესაბამისად, კონკრეტული ინსტრუქცია კონკრეტულ განხილვაზე არარელევანტურია. ამასთან, მინდა მოგახსენოთ, რომ ზოგადად, მინისტრთა კომიტეტის სხდომის დეტალები დახურულია და ამაზე საჯაროდ მსჯელობა ზოგადად იკრძალება. მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად უკეთებს წერილობით შეხსენებებს ​საელჩოებს, რომ ქვეყნების მიერ არ მოხდეს იმის გასაჯაროება, რაზეც იყო საუბარი მინისტრთა კომიტეტში. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ მინისტრთა კომიტეტს არ უმსჯელია რუსეთის ფედერაციის ხმის აღდგენასთან დაკავშირებით და ეს წარმოადგენს მხოლოდ საპარლამენტო ასამბლეის კომპეტენციას", - თქვა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები