ძალადობა

ეკა წამალაშვილისთვის წყლის შესხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“ - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით”, - აღნიშნავს უწყება.

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით კი, "პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და, რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, შესაბამისი რეაგირება მოყვება.“ გიორგი გახარიას თქმითვე, გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

"სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე. პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი" - აცხადებს შს მინისტრი.

ტელეკომპანია იბერიას პირდაპირ ეთერში კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ ეკა წამალაშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა. 

კომენტარები