აქციზის გადასახადი

თამბაქოს გაზრდილი აქციზის შედეგები: გაზრდილი ინფლაცია და 15%-ით შემცირებული მოხმარება

Reuters

2017 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოზე გაზრდილი გადასახადი შევიდა ძალაში. ყოველ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 90 თეთრით გაიზარდა და მან 1.7 ლარს მიაღწია. თამბაქოსთან ერთად აქციზის გადასახადი საწვავზეც გაიზარდა. აქციზი ერთადერთი გადასახადია, რომლის გაზრდაც მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე შეუძლია. 

გაზრდილი ინფლაცია

სახელმწიფოს მიერ თამბაქოს აქციზის გადასახადის გაზრდამ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა, რაც ინფლაციის ზრდას უკავშირდება. თამბაქო საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამომხმარებლო პროდუქტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისმა 0.9- 1.1 ლარის ფარგლებში გაძვირებამ ქვეყანაში ინფლაციის ზრდაც გამოიწვია და ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც 2017 წელს ინფლაცია სამიზნე 4%-იან მაჩვენებელზე მაღალი იყო და ის საშუალოდ 6.5%-ს შეადგენდა. საინტერესოა, რომ ამ 6.5%-დან 2.5% სწორედ თამბაქოსა და საწვავზე აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება. 

უფრო მარტივად, რას ნიშნავს გაზრდილი ინფლაცია ყველა მოქალაქისთვის:

პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც 2016 წლის დეკემბერში 100 ლარად ყიდულობდით, იგივე მომსახურებისა და სერვისებისთვის წელს საშუალოდ 106.5 ლარი გადჭირდებათ. აქედან 2.5-ლარიანი გაძვირება სწორედ აქციზის გადასახადის მატებას უკავშირდება. 

აქციზის ზრდის შედეგად ქვეყანაში სიგარეტის რეგისტრირებული მოხმარება 15%-ით შემცირდა

მთავრობას გათვალისწინებული ჰქონდა, რომ აქციზის გაძვირება თამბაქოს მოხმარებას 8%-ით შეამცირებდა, თუმცა რეალურად შემცირება 15%-ს შეადგენს.

2016 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებული იყო 5,8 მილიარდი ღერი სიგარეტი, ხოლო 2017 წლის იანვარ-აგვისტოში სულ რეალიზებულია 4,9 მილიარდი ღერი სიგარეტი. თამბაქოს მოხმარება მიმდინარე წელს (8 თვის მონაცემებით) შემცირებულია 900 მილიონი ღერით, რაც არის მოხმარების 15.5%-იანი შემცირება. იმის გამო რომ თამბაქოს მოხმარება 2017 წელს შემცირდება საპროგნოზო მაჩვენებლზე (8%) მეტად, (საპროგნოზო შემცირება - 0.7 მილიარდი ღერი, ხოლო ფაქტიური შემცირება - 1.3 მილიარდი ღერი) ბიუჯეტში აქციზის გადასახადის სახით მობილიზებული თანხები ჩამორჩება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს.

გასული 4 წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმზე აქციზმა 5-ჯერ მოიმატა, საბიუჯეტო შემოსავალი თამბაქოს აქციზზე კი 150%-ით არის გაზრდილი.

თამბაქო არაელასტიურ პროდუქტთა ჯგუფს მიეკუთვნება, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით არაელასტიურ პროდუქტებზე ფასის ცვლილება ამ პროდუქტის მოთხოვნაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. ასეთი პროდუქტებია თამბაქო, ბენზინი, მედიკამენტები, ალკოჰოლი. მთავრობამ აქციზის გადასახადი გაზარდა 52%-ით და ელოდა, რომ თამბაქოს გაყიდვები შემცირდებოდა 8%-ით, თუმცა სინამდვილეში მთავრობის პროგნოზი არასწორი აღმოჩნდა და გაყიდვები 15%-ით შემცირდა, შესაბამისად ფასის ცვლილებაზე მოსახლეობის რეაქცია იმაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ამას მთავრობა ელოდა. 

გაზრდილი კონტრაბანდა და დაუნთრეიდინგი 

კონტრაბანდის ზრდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უაქციზო თამბაქოს შემოტანაზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. თუ 2016 წელს თამბაქოს კონტრაბანდაზე სისხლის სამართლის 16 საქმე აღიძრა, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი უკვე 48 საქმეა აღძრული. ამავე მონაცემებით, 2016 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 23 პირის მიმართ, 2017 წელს კი - 60 პირის მიმართ.

რაც შეეხება საზღვარზე ამოღებული თამბაქოს რაოდენობას, 2016 წელს ფინანსთა სამინისტრომ 28 357 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, 2017 წლის განვლილ პერიოდში კი - 494 320 კოლოფი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 200 000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტის ამოღება, საბაჟო წესების დარღვევით, მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის მცდელობისას მოხდა.

დაუნთრეიდინგი:

დაუნთრეიდინგი, როდესაც მომხმარებლები სიგარეტის გაძვირების გამო უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადადიან. რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიზანი, სიგარეტის უარყიფითი გავლენისგან დაიცვან მოსახლეობა, პირიქით, გაზრდილი ზიანით იცვლება, რადგანაც ზოგადად დაბალხარისხიანი თამბაქოს ნაწარმი უფრო ძვირიან ალტერნატივებთან შედარებით უფრო მავნებელია.

კომენტარები