სახალხო დამცველი

რა უნდა ვიცოდეთ საპოლიციო რეიდების დროს? - სახალხო დამცველის რეკომენდაციები

სახალხო დამცველის ინსტიტუტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპოლიციო კონტროლს გამოეხმაურა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს გააჩნდეთ ინფორმაცია, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას საკუთარი უფლებების შესახებ. 

ომბუდსმენის განცხადებით, მინისტრის განცხადების საფუძველზე პოლიცია უფლებამოსილია შესაბამისტერიტორიაზე და სათანადო დროის განმავლობაში მხოლოდ ვიზუალურად შეამოწმოს მოქალაქეები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ნივთები. 

სახალხო დამცველის ცნობით, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შემდეგი უფლებები აქვთ:

  • მოითხოვოს პოლიციელის მიერ ვინაობისა და სამსახურეობრივი საბუთის წარდგენა;
  • მოითხოვოს საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველის განმარტება;
  • მოსთხოვოს პოლიციელს სამხრე კამერის ჩართვა მასთან კომუნიკაციის დროს;
  • გაეცნოს პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დასაშვებია პირის ზედაპირული შემოწმება ანუ ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დაუშვებელია პოლიციელის მიერ მოქალაქის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, ჯიბის ამობრუნების ან ტანსაცმლის გახდის მოთხოვნა. ანალოგიურად, მოქალაქის ნივთი ან ავტომობილი (საბარგულის ჩათვლით) მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება იქნეს დათვალიერებული,"- წერია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სახალხო დამცველი ასევე მოქალაქეებს შეახსენებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეიზღუდება ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე უფლება და/ან პოლიციელთან კომუნიკაციისას სხვა პრობლემა შეიქმნება, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა (126) და სახალხო დამცველის აპარატის (1481) ცხელ ხაზებს. 

ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლი და ოპერატიულ-საგამომძიებლო მოქმედებების განხორციელება 22 დეკემბერს, დილის 08:00 საათზე დაიწყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის უკვე 69 პირია დაკავებული

კომენტარები