ჩაწყობილი თამაშები

სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე 2 პირს გირაო, სამს კი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ ჩაწყობილი თამაშების საქმეზე ბრალდებულ სამ ადამიანს - ვაჟა კვარაცხელიას, თემურ დათიკაშვილს და ზაზა მაჩალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ირაკლი და დავით ბერიშვილებს 5-5 ათასი ლარიანი გირაო, რომლის გადახდის ვადაც 30 დეკემბერია

ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებდნენ, კვარაცხელია, დათიკაშვილი და მაჩალაძე კი არა.სასამართლო პროცესის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა იმ ბრალდებულებს, რომლებიც ბრალს აღიარებენ, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს მოითხოვდა, ხოლო მათ მიმართ, ვინც თავს დამნაშავედ არ სცნობს - პატიმრობას. 

კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები, სულ 5 ადამიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე გუშინ დააკავა. სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბე​რიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები თანხის სანაცვლოდ, საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველ შედეგებს აფიქსირებდნენ.

კომენტარები