ეკონომიკური ზრდა

სოფლის მეურნეობაში 2.8%-იანი ეკონომიკური ვარდნაა

Getty

სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად, ეკონომიკური ვარდნაა. 2017 წლის მესამე კვარტალში საქართველოს სოფლის მეურნეობის ზომა 726 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8%-ით ნაკლებია. სოფლის მეურნეობაში ნეგატიური ზრდა იყო წლის პირველ კვარტალში (-1.5%) და მეორე კვარტალშიც (-2.4%).

2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო, ეს კი ნიშნავს, რომ დარგი შარშან უძრაობის მდგომარეობაში იყო, წელს კი უძრაობა შემცირებამ შეცვალა.

სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ყველაზე მცირეა. 2017 წლის ცხრა თვეში მასში ინვესტიციის სახით $9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ია. 

სოფლის მეურნეობა უცხოური ინვესტიციებისთვის პრაქტიკულად სრულად დაიხურება, რადგანაც ქართულმა ოცნებამ მიიღო საკონსტიტუციო აკრძალვა, რომლითაც უცხოეთის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა აეკრძალათ.

დაბალი ზრდის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, გასული სამი წლის მანძილზე სექტორის განვითარებისთვის დახარჯულმა თანხამ ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა საქართველოს შემთხვევაში მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი. ამავდროულად, დარგის მნიშვნელოვან გამოვწვეას წარმოადგენს ინოვაციების არარსებობა.

კომენტარები