მიანმარი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიანმარში საგანგებო დესპანის დანიშვნას მხარი დაუჭირა

TheIndependent

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მიანმარს რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის დასრულებისაკენ და რეგიონში გაეროს საგანგებო დესპანის დანიშვნისაკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ წარადგინა და მას 112-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 10 მოწინააღმდეგეს შორის იყვნენ ჩინეთი, რუსეთი, კამბოჯა, ლაოსი, ფილიპინები, ვიეტნამი, სირია, ზიმბაბვე და ბელარუსი.

რეზოლუცია მიანმარის მთავრობას მოუწოდებს რეგიონში შეუშვან საერთაშორისო დახმარების ორგანიზაციები და როჰინჯა დევნილებს საშუალება მისცენ დაბრუნდნენ ქვეყანაში და მიიღონ სრული მოქალაქეობა.

შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში აგვისტოს შემდეგ განვითარებული ძალადობის შედეგად 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა. ეს რიცხვი აღემატება მიანმარის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ოფიციალურ რიცხვს, რომელიც მხოლოდ 400-ს შეადგენს და მთავრობის მტკიცებით მათ შორის ძირითადად ტერორისტები იყვნენ.

ორგანიზაციის მონაცემებით ბანგლადეშს თავი 647,000-მა როჰინჯა მუსლიმმა შეაფარა.

მათმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 25 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით მიანმარში 9,000 როჰინჯა მუსლიმი დაიხოცა; მათგან 6,700 გარდაცვალება ძალადობის შედეგად არის გამოწვეული. მათ შორის არის 730-მდე ბავშვი, რომელთა ასაკი 5 წელს არ აღემატებოდა.

ანგარიშის მიხედვით გარდაცვალებათა 69% ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულმა ჭრილობებმა გამოიწვია, 9% საკუთარ სახლში დაწვეს, ხოლო 5% ცემით მიიყვანეს სიკვდილამდე. ბავშვთა გარდაცვალებების 2% ნაღმებზე აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც მიანმარისა და ბანგლადეშის სასაზღვრო ტერიტორიაზე იყო ჩაფლული.

ორგანიზაცის წარმომადგენლების თქმით დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ ბევრად დიდია, რადგან მათ მხოლოდ ის პირები გმაოკითხეს, ვინც ბანგლადეშში თავის შეფარება შეძლო.

მიანმარში განვითარებული ძალადობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები