ზვიად რატიანის ცემა

ომბუდსმენი: რატიანის საქმე პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ნაწილია

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-ის თანამშრომლების მიმართ დაწყებული გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ ვადებში დამაჯერებელ პასუხს გასცემს. ომბუდსმენი მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ პოლიციელების მიმართ გამოძიების სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეს თავდაპირველად შსს-ის გენერალური ინსპექცია შეისწავლიდა, რაც საგამოძიებო ქვემდებარობის დადგენილ წესსა და გამოძიების ეფექტიანობის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველი აღნიშნავს იმასაც, რომ ზვიად რატიანის საქმე განყენებულად არ უნდა იქნას განხილული.

"ის პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ტენდენციის გამოვლინებას წარმოადგენს, რაზეც სახალხო დამცველი 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბრობდა. მოქალაქეთა ნდობის აღდგენისთვის, რაც შს მინისტრის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს, თითოეული ფაქტის გამოძიებაა აუცილებელი. ამ კუთხით სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, შემთხვევის საბოლოო გამოძიებამდე ერთ–ერთი პოლიციელისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზვიად რატიანი სავარაუდო არასათანადო მოპყრობას სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას დაექვემდებარა, რომლის ფარგლებშიც 52 000–მდე პირი იქნა გადამოწმებული. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ არასათანადო მოპყრობის ან პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს - 1481", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატი გეგმავს მონიტორინგი გაუწიოს როგორც ზვიად რატიანის სასამართლო პროცესის, ისე – არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას.

კომენტარები