სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში - გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი

რუსთავი 2

პანკისის სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ოპერაცია, რომელშიც 60-ზე მეტი სპეცრაზმელი მონაწილეობდა, დილის 4 საათზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

გავრცელებული ცნობით, სპეცოპერაცია თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩატაევის ხელშეწყობისთვის ბრალდებული ადამიანების დაკავებას ცდილობს. 

წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 3 ადამიანია დაკავებული, მათგან ორი, ტემირლან და რუსლა მაჩალიკაშვილები დუისში აიყვანეს. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, 19 წლის ტემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრილია და ის თელავის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც საავადმყოფოში ინტერპრესნიუსს უთხრეს, პაციენტი თავის არეშია დაჭრილი. 

რუსთავი 2-ის ცნობით, მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებმა არ იციან, რა ვითარებაში მოხდა მათი სახლიდან გაყვანა, რადგან მათ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა პირველი სართულის დატოვების უფლება არ მისცეს, ტემირლან მაჩალიკაშვილი კი ამ დროს მეორე სართულზე, საძინებელში იმყოფებოდა. 

სპეცოპერაციის დეტალებზე სუს-ში 12 საათზე ისაუბრებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დროს ბრიფინგი გაიმართება. 

კომენტარები