ომბუდსმენი: მოვუწოდებ პროკურატურას, გამოიძიოს სპეცოპერაციისას დაჭრილი პირის საქმე

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ეხმაურება. 

ომბუდსმენის ცნობით, მისი წარმომადგენელი დაჭრილის ოჯახის წევრებს თელავის საავადმყოფოში ესაუბრა, სადაც მაჩალიკაშვილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მათივე ცნობით, წარმომადგენელთან საუბრისას ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა მძინარე მაჩალიკაშვილს საძინებელ ოთახში შესვლისთანავე ესროლეს, რის შედეგადაც სისხლიანია მისი საწოლი და ბალიში. ომბუდსმენის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ხელყუმბარაც სამართალდამცავებს ეკუთვნოდათ.

"გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავია, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას, არ დატოვოს პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც შესაძლოა საზოგადოებას ლეგიტიმურად მიაჩნდეს. მნიშვნელოვანია, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის პროცესში დაცული იყოს ასევე, მოქალაქეთა - სავარაუდო ეჭვმიტანილთა უფლებები. უპასუხოდ დარჩენილი კითხვები ხელს არ შეუწყობს სამართალდამცველთა მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას,"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს - ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. უწყება მათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრების ხელშეწყობას ედავება.

სუს-ში აცხადებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწერვა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

"თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დღეს დაკავებულმა 5-მა პირმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. გარდა ამისა, სუს-ი განცხადებით, მათვე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანას, ასევე, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, სუს-ში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა გაასაჯაროეს. მათი ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. რაც შეეხება ლიკვიდირებულებს, უწყების ცნობით, ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

21-22 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი.

კომენტარები