ოქროს ფრთა

პატრიარქს ჟურნალისტური ჯილდო "ოქროს ფრთა" გადაეცა

პატრიარქი ილია მეორე

ჟურნალისტური ჯილდოს "ოქროს ფრთა" 2017-ის ერთერთი გამარჯვებული კათალიკოს პატრიარქი ილია II-ც გახდა. ჟიურის წევრების განმარტებით, პატრიარქს ჯილდო "ერის სულიერი გაძლიერების, სამოქალაქო მშვიდობის ხელშეწყობისა და სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის" გადაეცა. 

პრიზი საპატრიარქო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ აიღო, რომელმაც სიტყვის გამოსვლისას აუდიტორიას პატრიარქის მიმართვა წაუკითხა. 

"დაახლოებით, 40 წუთის წინ მის უწმინდესობასთან გახლდით და ვთხოვე "ოქროს ფრთის" მმართველი გუნდისგან, მისი სახელით მცირე მიმართვა მეთქვა. მან ჩამაწერინა რამდენიმე წინადადება. თავიდან თქვა, რომ იქნებ სხვამ მიიღოს ეს ჯილდო, მაგრამ ავუხსენი, რომ ეს იყო ჟურნალისტების დიდი ნაწილის დიდი სურვილი და მან თავმდაბლობით მიიღო: "უნდა ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ და შევიყვაროთ ერთმანეთი. გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორც დიდი სიყვარული, ასევე უზომოდ დიდი სიძულვილი. მე მქონდა ჩვენება, ვიყავი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში და დედებმა გადმომცეს დახვეული გრაგნილი. გავშალე და წმინდა სამება იყო გამოსახული, გადავაბრუნე გრაგნილი და ეწერა მთელს სიგანეზე "ერთსულოვნება". იქნებ ვიფიქროთ ამაზე. ამას თხოულობს სამება ჩვენგან - ერთსულოვნებას. სამებაში ერთსულოვნებაა - ყოვლადწმინდა მამაში, ძეში და სულიწმინდაში. ნუ გავაშიშვლებთ სხვის ნაკლს - ჩვენი სიყვარულით დავფაროთ იგი. ყველას გეხვევით და გლოცავ,"- თქვა ლაშა ჟვანიამ. 

"ოქროს ფრთა" 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დააარსა და იგი გადაეცემა როგორც ჟურნალისტებს, ასევე იმ ცნობილ სახეებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან დაკავშირებულები ჟურნალისტიკასთან. 
 

კომენტარები