უკანონო იარაღი

საგამოძიებო: ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღის გადმოტანისთვის 1 პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პნევმატური, სასიგნალო და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით,  საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა. წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი "DAF"-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებას ახდენდა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბრალდებული ცდილობდა საქართველოში შემოეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონელი. კერძოდ: პნევმატური და სასიგნალო იარაღი, ცეცხლსასროლი სანადირო თოფები, ვაზნები და იარაღის სათადარიგო ნაწილები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კონტრაბანდულად შემოტანილი საქონელი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები