ზვიად რატიანის საქმე

რატიანის საქმეს მოსამართლემ ტელეფონით გადაღებული არასრული მასალა დაურთო

რუსთავი 2

ზვიად რატიანის საქმის პროცესზე მოსარჩელე მხარემ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ვიდეომასალა წარადგინა. ერთ-ერთი მათგანი მობილური ტელეფონით არის გადაღებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, რატიანის მიერ პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფას ასახავს. დანარჩენი ორი მასალა კი, რომელიც ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებია, რატიანის დაკავებას და იზოლატორში გადაყვანას ასახავს. 

ვიდეო, რომელიც რატიანის მხრიდან გინებას ასახავს, მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

ბრალდებას დღეს სამხრე კამერების ჩანაწერები არ წარუდგენია. დაცვის მხარე მოითხოვს, სრულად იყოს წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც ასახავს გაჩერების წუთიდან ბოლო წუთამდე განვითარებულ მოვლენებს.

დღევანდელ პროცესზე ისაუბრა თავად ზვიად რატიანმა და პოლიციელების გინებისთვის ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, კიდევ ერთხელ მოითხოვა შსს-ის მხრიდან მისი გაჩერების მომენტიდან ამსახველი ვიდეოს წარმოდგენა. 

კომენტარები