სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პროკურატურამ 51-ე სკოლასთან მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალდება დაუზუსტა

საქართველოს პროკურატურამ 51-ე სკოლასთან არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალდება დაუზუსტა.  

უწყების ინფორმაციით, გ.ბ-ს ბრალი ედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში (სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი), ხოლო გ.ჯ-ს დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში (სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტი).

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.  ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები