პანკისში დაკავებული 4 პირიდან ერთს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

პირველი არხი

პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მოსამართლესგან გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გორნაკაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

"სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა და გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და მის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა,"- ამბობს გორნაკაშვილის ადვოკატი ირაკლი ბენია. 

ბენიას თქმით, ბრალდებულს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

პანკისის სპეცოპერაციისას დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ადვოკატს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ გაიმართა გორნიკაშვილის სასამართლო დანარჩენი 3-ისგან დამოუკიდებლად. 

26 დეკემბერს გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები