საქართველო-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანელი დეპუტატები ცხინვალის გზის გახსნას გმობენ და ელჩის დაბარებას ითხოვენ

ბაქო, აზერბაიჯანი
Getty

აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები ფარაჯ გულიევი, აიტან მუსტაფაევა ასევე, გუდრატ ჰასანგულიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას და მისთვის საპროტესტო ნოტის გადაცემას მოითხოვენ. აზერბაიჯანელთა პროტესტის მიზეზი გიორგი კვირიკაშვილის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ფორ-სმაჟორულ ვითარებაში, სატრანზიტო ტვირთების ცხინვალისა და როკის გვირაბის გავლით, რუსეთში ტრანსპორტირებას დათანხმდა.

რუსული და სომხური ტვირთების ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო გატარების შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ოკტაი ასადოვმაც გააკეთა. ასადოვი იმედოვნებს, რომ "საქართველო ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს."

"შესაძლოა, საქართველოში ვინმეს სურდეს ჩვენი ურთიერთობის გაფუჭება. მაგრამ მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს. ჩვენ ყარსის რკინიგზა ავაშენეთ. საქართველოს აქედან თავისი სარგებელი აქვს. საკითხის შესწავლა მეგობრობის ჯგუფს უნდა დავავალოთ", - ამბობს ასადოვი.

როკის გვირაბი

რუსეთის მიერ რეაბილიტირებული როკის გვირაბი
ფოტო: TASS

"ჩვენ მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, რომელშიც აბსოლუტურად არც ერთი პუნქტი არ არის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო.  ხელშეკრულებას აფხაზეთზე საუბარი არ არის. საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ ფორ-სმაჟორულ სიტუაციაზე, როდესაც იქნება თოვლი, მეწყერი ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუქნტის მიმართულებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაიხსნას ეს მექანიზმის ცხინვალის მიმართულებით, ისიც ზედმიწევნით იმ ტექსტის დაცვით, რომელიც ხელშეკრულებაში არის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი", - ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველომ 19 დეკემბერს შვეიცარიულ კომპანია SGS -თან (Société Générale de Surveillance SA) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულმა კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველო-რუსეთის სატრანზიტო მონიტორინგი უნდა განახორიციელოს. შესაბამისი ტიპის მონიტორინგის განხორციელება გაწერილია საქართველო-რუსეთს შორის 2011 წელს მიღებულ შეთანხმებაში.

საინტერესოა, რომ შვეიცარიულ კომპანიასთან დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში, 22 დეკემბერს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა და ილჰამ ალიევთან გამართა შეხვედრა. 23 დეკემბერს კი ილჰამ ალიევთან შეხვედრა ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ გამართა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქართულ მხარეს ინფორმაცია არ გაუვრეცელებია და მისი არსებობის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი.

26 დეკემბერს კი გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგისიანთან გამართა შეხვედრა. საინტერესოა, რომ თბილისიდან სარგისიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

26 დეკემბერს გამართული შეხვედრა


ფოტო: gov.ge

კომენტარები