ჩრდილოეთ კორეა

რუსეთმა საერთაშორისო სანქციები დაარღვია და ჩრდილოეთ კორეას ნავთობი მიაწოდა

flickr.com

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურ რეჟიმს ფარულად ნავთობპროდუქტები მიაწოდა, რითიც საერთაშორისო სანქციები დაარღვია და მილიტარისტული რეჟიმის არსებობის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. ნავთობის ფარული გადაცემის შესახებ Reuters-ის ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა ცნობილი.

Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კორეას ნავთობი სამჯერ მაინც მიაწოდა.

ნავთობის კონტრაბანდის სქემა

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის პორტ ვლადივოსტოკიდან 15 ოქტომბერს დატვირთული გავიდა გემი სახელად Vityaz, რომელიც 1,600 ტონა ბენზინით იყო დატვირთული. პორტში შევსებული დოკუმენტების მიხედვით, გემი იაპონიის ზღვაში, სათევზაო გემების საწვავით მოსამარაგებლად გავიდა, თუმცა ირკვევა, რომ გემმა განსაზღვრული გზიდან გადაუხვია, გამორთო საკუთარი სალოკაციო გადამცემი (ტრანსპონდერი) და ღია ზღვაში ბორტზე არსებული ნავთობი ჩრდილოეთ კორეული ტანკერ Sam Ma 2-ზე გადატუმბა.

რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს. ტანკერის ოპერატორი კომპანიის დირექტორმა Rueters-ს განუცხადა, რომ მის გემებს ჩრდილოეთ კორეასთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ.

29 დეკემბერს ჩინეთმა კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის ბრალდება, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას ნავთობს არალეგალურად აწვდიდა.

კომენტარები