ირანი

ირანის უზენაესი ლიდერი პროცესებში ქვეყნის გარე მტრებს ადანაშაულებს

ირანის უზენაესი ლიდერი 6 დღის მანძილზე პირველად გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რამაცსულ ცოტა, 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის. 

აიათოლა ალი ხამენეის სიტყვა მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

"უკანასკნელი დღეების მანძილზე ირანის მტრებმა გამოიყენეს სხვადასხვა საშუალება, მათ შორის ფული, იარაღი, პოლიტიკა და სადაზვერვო სამსახურები იმისათვის, რომ შეექმნათ პრობლემები ისლამური რესპუბლიკისათვის".

ხამენეი ამატებს, რომ ის თავის ხალხს მაშინ აუხსნის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, როდესაც "ამის დრო მოვა".

BBC-ის ინფორმაციით, გუშინ ღამით სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა ირანში, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებისას. საპროტესტო გამოსვლები ირანში ექვსი დღეა, გრძელდება.

ირანში ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციებია 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების  შემდეგ. გამოსვლები 28 დეკემბერს, ქალაქ მაშჰადში დაიწყო. ირანელები თავდაპირველად ფასების ზრდას და კორუფციას აპროტესტებდნენ, თუმცა, დემონსტრაცია მალევე ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

შაბათს ღამით ქალაქ დორუდში გამოსვლების ორი მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარში პოლიციის მონაწილეობა უარყო და მკვლელობაში უცხოელი აგენტები დაადანაშაულა. ამის შემდეგ, დემონსტრანტებმა შეუტიეს ბანკებს და სამთავრობო შენობებს, დაწვეს პოლიციის მოტოციკლები. დაკავებულია ასობით ადამიანი.

"ისინი, ვინც დააზიანებენ საჯარო საკუთრებას, დაარღვევენ კანონს და წესრიგს, შექმნიან არეულობას, პასუხს აგებენ თავის საქციელზე და ამის ფასი უნდა გადაიხადონ" - ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის ამ კომენტარს სამთავრობო მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აშშ დემონსტრაციებს მხარდაჭერას უცხადებს.

"დესპოტური რეჟიმები სამუდამოდ ვერ შენარჩუნდება. მოვა დღე, როდესაც ირანელი ხალხი არჩევანის წინაშე დადგება. მსოფლიო თვალყურს გადევნებთ!" - დაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

კომენტარები