Logan Paul

იუთუბის ვარსკვლავი თვითმკვლელთა ტყეში გადაღებული ვიდეოს გამო ბოდიშს იხდის

Twitter

ამერიკელი ვლოგერი, იუთუბის მომხმარებელი ლოგან პოლი 2 დღის წინ გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. 

პოლმა, რომელსაც იუთუბზე 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, იაპონიაში იმოგზაურა და მეგობრებთან ერთად "თვითმკვლელთა ტყე" მოინახულა. მან ვიდეოზე აღბეჭდა ადამიანის ცხედარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ისაუბრა, როგორი უჩვეულო რამ ნახა. 

ვიდეოში იუთუბერი ამბობს, რომ ასეთ რეალურ კადრებს, სხვა დროს, ალბათ, ვერსად ვნახავთ. პოლი ასევე ხუმრობს, რომ ფუჯის მთა არ მდებარეობს იქ, საიდანაც სათავეს ფუჯის წყალი იღებს. ცხედარს კი მიმართავს: "ჰეი, ცოცხალი ხარ? ჩვენთან ხარ?". 

შემდეგ აგრძელებს: "მისი ხელები იისფერია, ეს [თვითმკვლელობა] მან დღეს დილით ჩაიდინა". 

პოლს მწვანე ქუდი ახურავს და მეგობრებთან ერთად ერთობა. 

ტოკიოს თვითმკვლელთა ტყეს, რომელიც ფუჯის მთის ძირში მდებარეობს, ბევრი მნახველი ჰყავს. თუმცა, თავისი არსით, ეს ტრაგიკული ადგილია, რადგან აქ ის ადამიანებიც მოდიან, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზით, სიცოცხლე აღარ სურთ. პოლიცია ტყეს რეგულარულად ამოწმებს და წელიწადში ათეულობით ცხედარს პოულობს.

იაპონიაში თვითმკვლელობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. მთავრობა ინფორმაციას სუიციდის წახალისების თავიდან არიდების მიზნით არ ავრცელებს, თუმცა, პოლიციის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მაგალითად, 2010 წელს ამ ტყეში თვითმკვლელობა 247-მა ადამიანმა სცადა, მათგან 54 დაიღუპა.

ტვიტერის მომხმარებლებმა პოლის საქციელს უპატივცემულო და ამაზრზენი უწოდეს. ვიდეოს შესახებ ათასობით ტვიტი დაიწერა. მის ამ ვლოგს Game of Thrones-ის ვარსკვლავი, სოფი ტარნერიც გამოეხმაურა და იუთუბერს იდიოტი უწოდა. 

​ამის შემდეგ იუთუბერმა ბოდიში ორჯერ მოიხადა. თავდაპირველად მან დაწერა, რომ სამწუხაროდ, ინტერნეტის მომხმარებლებზე თავისი გავლენა სწორად ვერ გააანალიზა, რასაც კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა. შემდეგ კი მომხმარებლებს ვიდეოს მეშვეობით მიმართა. 

მან თქვა, რომ ასეთი ვიდეო არასდროს უნდა აეტვირთა, მანამდე კი, უნდა გამოერთო კამერა და შეეწყვიტა გადაღება.

"ბევრი რამ არის, რაც სხვაგვარად უნდა გამეკეთებინა, თუმცა, არ გავაკეთე. მე საკუთარი თავის მრცხვენია და იმედგაცრუებული ვარ. თვითმკვლელობა ხუმრობა არ არის, დეპრესია და ფსიქიკური აშლილობა სახუმარო არ არის. ჩვენ აქ მოვედით, რათა ყურადღება გაგვემახვილებინა ტყის საშიში ასპექტების შესახებ, ეს მოგვიანებით ძალიან რეალურად გადაიქცა. აშკარად ბევრ ადამიანს აქვს საშინელი ცხოვრება", - თქვა იუთუბერმა

კომენტარები