აშშ-კორეა

ტრამპი კიმ ჩენ ინს: ჩემი ბირთვული ღილაკი შენსაზე დიდია 

flickr

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ "მასაც აქვს სამუშაო მაგიდაზე ბირთვული ღილაკი, რომელიც უფრო დიდია". 

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა თქვა, რომ ის "არავის ემუქრება, თუმცა ბირთვული ღილაკი ახლა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა". 

"ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ბირთვული ღილაკი ახლა უკვე მის სამუშაო მაგიდაზეა. გთხოვთ გადაეცით ვინმეს მისი დაუძლურებული და მშიერი რეჟიმიდან, რომ მეც მაქვს ბირთვული ღილაკი, მაგრამ ის უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი, თანაც ჩემი ღილაკი მუშაობს", - დაწერა ტრამპმა. 

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის საპასუხოდ ახალი სანქციები რამდენიმე დღის წინ შემოიღო. სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ხელმძღვანელებს დაუწესდათ - ისინი აშშ-სთან ბიზნეს და ინდივიდუალურ ტრანზაქციებს ვეღარ განახორციელებენ.

აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს ჩრდილოეთ კორეული ბანკებისთვის და ჩრდილოეთ კორეის ოცზე მეტი მოქალაქისათვის.

გასული წლის დეკემბერში გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, ამჯერად მიზეზი ფხენიანის მიერ ჩატარებული ახალი სარაკეტო გამოცდები გახდა. ახალი სანქციები სავაჭრო ემბარგოს გაფართოებასა და ნავთობის იმპორტის 90%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ამასთან, საზღვარგარეთ მომუშავე ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებმა მომდევნო 24 თვის მანძილზე უცხო ქვეყნები უნდა დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.

აშშ-ის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას ხელი საბჭოში შემავალმა 15-ვე ქვეყანამ მოაწერა, მათ შორის ფხენიანის მთავარმა სავაჭრო პარტნიორებმა - რუსეთმა და ჩინეთმა.

ჩრდილოეთ კორეამ ახალ სანქციებს საომარი ქმედება უწოდა. ოფიციალური ფხენიანის თქმით აშშ-ს და ყველა ქვეყანას, ვინც სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა ეს ძვირად დაუჯდებათ.

კომენტარები