მიხეილ სააკაშვილის საქმე

მოსამართლე გირგვლიანის საქმეში სააკაშვილისთვის განაჩენზე სათათბიროდ გავიდა

პირველი არხი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა, რომელიც გირგვლიანის საქმის ნაწილს ეხება - გამოძიება ექსპრეზიდენტს გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ედავება.

მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. თუმცა, უცნობია, გამოაცხადებს თუ არა ის განაჩენს დღეს. 

მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა.მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ თქვა, რომ საქმეში არ დევს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა, ასევე, მისი თქმით, მოწმეთა ჩვენებები არასანდო იყო და მათი უმეტესობა ექსპრეზიდენტის მიმართ "პოლიტიკურად მტრულად არის განწყობილი". 

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ადვოკატის განცხადებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმეში როგორც ზეპირი, ასევე დოკუმენტირებული მტკიცებულებები არსებობს და იმედი აქვს, რომ მათზე დაყრდნობით სასამართლო სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. 

როგორც აღინიშნა, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებას ედავება. პროკურატურის ვერსიით, "2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასათვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ“.

კომენტარები