ბიტკოინი

ბიტკოინი 9 წლის გახდა

Reuters

ზუსტად 9 წლის წინ, 2009 წლის 3 იანვარს ბიტკოინის პირველი ბლოკი მოიპოვეს. 

ბიტკოინის პირველ ბლოკი 50 ბიტკოინს შეიცავდა "Genesis Block"-ს უწოდებენ და ის სავარაუდოდ ბიტკოინის შემქნელმა სატოში ნაკამოტომ მოიპოვა. მაშინ ერთი ბიტკოინის ფასი ¢9 ცენტზე ნაკლები იყო, ახლა კი ერთი ბიტკოინი $14,840-ად ივაჭრება.

მაშინ ბიტკოინის გამომუშავება ჩვეულებრივი კომპიუტერიდანაც იყო შესაძლებელი, დღეს კი ამისთვის მძლავრი მაინინგ ჩიპებია საჭირო.

რა არის ბიტკოინი

ბიტკოინი ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აქვს, მისი შექმნა ნებისმიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება. 

ბიტკოინი და მისი გადახდის სისტემა ბლოკჩეინი მსოფლიოში გადახდის სისტემებს ცვლიან. მსხვილი ბანკები უკვე ცდილობენ, რომ საკუთარი გადარიცხვები ბლოკჩეინ სისტემაში გადაიყვანონ, რაც ტრანზაქციების წარმოების ტრადიციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო იაფია. ბლოკჩეინი ინფორმაციის შენახვის სხვა მეთოდებისგან იმით განხვავდება, რომ ამ მეთოდში ინფორმაცია ერთ რომელიმე კომპიუტერში თუ სერვერში კი არაა თავმოყრილი, არამედ განთავსებულია ათასობით კომპიუტერში ბლოკების სახით, ინფორმაციის ამ ბლოკებიდან წაშლა ან შეცვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.

ბიტკოინის უარყოფითი მხარე მისი ზედმეტად სწრაფი მერყეობაა, რაც ინვესტორებს მისდამი გრძელვადიანი ნდობის ჩამოყალიბებაში ხელს უშლის, თუმცა, სავარაუდოდ კრიპტოვალუტების ფართო დანერგვასთან ერთად ბიტკოინის ასეთი სწრაფი მერყეობა შემცირდება. 

კომენტარები