სუს-ი: გვაქვს კადრები, სადაც მაჩალიკაშვილი ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთადაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებულია ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

გარდა ამისა, სუს-ი აცხადებს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, იმ ბინიდან, სადაც ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება მიმდინარეობს.

ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. სუს-ი ხაზს უსვამს, რომ თბილისსა და ახმეტაში სპეცოპერაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

"რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.

ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები: შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა.


ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორძიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო.

გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი  თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მუხლი სასჯელის ზომად 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ცნობით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მან წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს.

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

აღსანიშნავია, რომ 26 დეკემბერსვე, სუს-მა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული და ლიკვიდირებული პირების ვინაობა გაასაჯაროვა. მათი ინფორმაციით, დაკავებული რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. რაც შეეხება ლიკვიდირებულებს, უწყების ცნობით, ესენი არიან: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

21-22 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ახმედ ჩატაევი.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ: კონტრტერორისტული ოპერაციიდან 1 კვირა გავიდა - რა ვიცით და რა არ ვიცით

ახმედ ჩატაევის შესახებ წაიკითხეთ: ვინ არის ახმედ ჩატაევი, რომელიც ერთერთი ვერსიით, 22 ნოემბრის სპეცოპერაციისას მოკლეს

კომენტარები