ენერგეტიკა

EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონ ევროს გამოყოფს

flickr.com

დღეს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის შედეგადაც EBRD ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციას 28 მილიონი ევროთი დააფინანსეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდი ჰესია. სადგურის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. 

ენგურის კაშხალში არსებული წყლის მოცულობა სრული დატბორვისას 1 კუბური კილომეტრი, ანუ 1 მილიარდი ტონაა. წყალსაცავის სიგრძე 30 კილომეტრია. კაშხლის სიმაღლე 271 მეტრს, სიგრძე კი 728 მეტრს შეადგენს.

ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე 1.8 თეთრია.

"ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით, 300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა 20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

კომენტარები