ზვიად რატიანის საქმე

მწერლებს მისცეს პირობა, რომ საბჭო რატიანის ვიდეოზე გადაწყვეტილებას 3-5 დღეში მიიღებს

0 კომენტარი

მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პოლიციელების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, სადაც ზვიად რატიანის გინება ისმის, სტანდარტი დაირღვა.

მწერლებმა და გამომცემლებმა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას ითხოვენ, საბჭოსგან პირობა მიიღეს, რომ მოკვლევა ჩატარდება და გადაწვეტილება 3-5 დღეში გახდება ცნობილი.

"ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი პოზიცია ზვიად რატიანის საქმესთან და ვიდეო მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ მოგვესმინა ბორდის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.  ბორდს მიაჩნია, რომ ეს არის მიუღებელია და ემხრობიან ჩვენს პოზიციას, თუმცა ამბობენ, რომ ამ საქმეში არის ბევრი პროცედურული საკითხი. დღეს მათი შეკრების მიზანი, პირველი საკითხი იყო სწორედ ამ ვიდეოზე მსჯელობა. დაგვპირდნენ, რომ 3-5 დღის განმავლობაში იმსჯელებენ, აწარმოებენ მოკვლევას და გვაცნობებენ გადაწყვეტილებას", - აცხადებს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენელი.

ჟურნალისტების კითხვას, დაპირდნენ თუ არა შეხვედრაზე ხელმძღვანელი პირების გადადგომას, ის პასუხობს, რომ სამეურვეო საბჭო უშვებს იმას, რომ ეს შედეგი დადგეს.

"ბორდი უშვებს იმას, რომ შესაძლოა ამ შედეგით  დასრულდეს, თუმცა ამაზე პირდაპირ პასუხს არ გვცემენ, გვიდასტურებენ  და კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ სჭირდებათ დრო საკითხის საკვლევად და არგუმენტირებული გადაწყვეტილებისთვის. ჩვენ დავაყენეთ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის საკითხიც და ვუთხარით, რომ ამ რეპუტაციის აღდგენისთვის უმაღლესი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - აცხადებს ჯობავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, ბორდის წინა სხდომაზე მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი განხილული არ ყოფილა. მისივე თქმით, გამოკვლევა პროცედურების დაცვით ჩატარდება და შედეგი საზოგადოებას ეცნობება.

"ავუხსენით დამსწრე საზოგადოებას, რომ ბორდი არის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს თავისი პროცედურები. ამ პროცედურების დაცვით ჩატარდება მოკვლევაც, გამოკვლევაც და რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც არის სამართლებრივად განსაზღვრული", - აცხადებს გრიგოლ გოგელია.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა ტელევიზიის დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომა, გოგელია პასუხობს, რომ გადაწყვეტილების ფორმა ყველანაირი შეიძლება იყოს.

"ყველანაირი ფორმა შეიძლება იყოს. არასერიოზული ვიქნები დღეს რომ გითხრათ, სანამ არ გაგვივლია ეს საკითხი სამართლებრივად, არ გვინახავს ეს პროცედურები როგორ უნდა წარიმართოს, რა ვადაში იქნება. ეს ავუხსენით საზოგადოების წევრებსაც, რომ ჩვენ ვართ ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული წესებით მოქმედებს და ამ წესების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ბორდმა თავისი პოზიცია დააფიქსირა, ჩვენ ვთქვით, რომ სტანდარტი იყო დარღვეული. ახლა ჩვენ პროცედურების შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა გოგელიამ.

პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა 23 დეკემბერს დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანი ამბობს, რომ ის გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენჯერმე სცემეს. 

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რატიანმა თავად გაუწია წინააღმდეგობა პოლიციას და მათ უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. 29 დეკემბერს კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა მობილური ტელეფონით პოლიციელების მიერ გადაღებული არასრული ვიდეოჩანაწერი, სადაც რატიანის გინება ისმის. ამასთან, აღნიშნული ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაუშვა და საქმის მასალებს დაურთო.

ეს გადაწყვეტილება პოეტის დაცვის მხარისთვის მიუღებელია. ზვიად რატიანის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოზე არ ჩანს მისი გაჩერების და დაკავების მომენტი და არის ტელეფონით გადაღებული, რაც კანონდარღვევაა, ვინაიდან სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება აქვთ.

მოგვიანებით, საზოგადოებრი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს და მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, რასაც სამეურვეო საბჭო დააკისრებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები