მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სააკაშვილის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა. 

"საქართველოს მოქმედი პრეზიდენტიც კი, რომელიც ჩემი ოპონენტია, მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნაა... არადა, უკრაინის ხელისუფლება, კრემლი და ოლიგარქი ივანიშვილი სხვანაირად ფიქრობენ,"- წერს სააკაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თქვა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბევრ კითხვის ნიშანს დასვამს. 

"ეს დღეებია, ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა, დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი,"- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ გუშინ, 5 იანვარს ცნო. მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ეს პირველი განაჩენია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საქართველოს სასამართლოებში გამოცხადდა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას დაპირდა. გამოძიების თანახმად, ექსპრეზიდენტმა შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, "რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის".

კომენტარები