სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: აგროქიმიკატების შესახებ კანონის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება

mycoastnow.com

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა 11 იანვრიდან მკაცრდება.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.

  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შემოტანის, შენახვის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის წესების დამრღვევი პირი დაჯარიმდება 200 ლარით, ხოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში - 400 ლარით;
  • არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსებისთვის 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 4 000 ლარით. 1 წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისას ჯარიმა ორმაგდება;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირი (გარდა ინდმეწარმისა და საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდმეწარმე, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 200 ლარით. წლის განმავლობაში იგივე ქმედების განმეორებისას ჯარიმის ოდენობა ორმაგდება;
  • პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასა და მიმოქცევასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობისას ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა) დაჯარიმდება 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი - 400 ლარით;
  • არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო პესტიციდის ან აგროქიმიკატის ბაზარზე განთავსების აღკვეთასა და ამოღებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მითითების შეუსრულებლობის გამო 200 000 ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო 200 000 ლარის ან მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირი - 2 000 ლარით. აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული პესტიციდის ექსპორტი, იმპორტი, ბაზარზე განთავსება ან გამოყენება დასაბუთებული თანხმობის გარეშე - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზრის გაჯანსაღებას, ასევე, პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის წესების დაცვას.

პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის მიზნით 138 სარეალიზაციო ობიექტიდან აღებულია 333 ნიმუში. რეალიზაციის წესების დარღვევისთვის კი დაჯარიმებულია 37 ბიზნესოპერატორი.

კომენტარები