სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის

ადვოკატი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა

1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2-თან ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ავრცელებს. ეკატერინე მაჭარაშვილის თქმით, არასრულწლოვანი უკვე დაიკითხა.

"საქმის მასალებში ფიგურირებს არასრულწლოვანი, რომელიც დაჭრილი იყო 1 დეკემბრის ინციდენტის დროს. გამოძიებით ჯერჯერობით დადგენილი არ არის ვის მიერ მოხდა აღნიშნული პირის დაჭრა. დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. რეალურად, იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიების ვერსიით დღეს არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის", - ამბობს ადვოკატი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. სხდომა დახურულია.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთიშსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები