ბიძინა ივანიშვილი

თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილი Bitfury-ში არავითარ წილს არ ფლობს

ქართული ოცნება

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კომპანია Bitfury-ისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი Bitfury-იში არავითარ წილს არ ფლობს.

"2014 წელს საქართველოს თანინვესტირების ფონდმა, მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bitfury სასეხო დაფინანსებით უზრუნველყო. Bitfury-ის საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური დარგის განვითარებას და საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე მოაქცია.

აღნიშნული სესხი კომპანიამ 2015 წელს სრულად დაფარა. შესაბამისად გვინდა მოგახსენოთ, რომ არც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული რომელიმე კომპანია გორისა და გლდანის დატა ცენტრებში არანაირ წილს არ ფლობენ.

ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არცერთი პოლიტიკოსი არ დაკავშირებია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ წმინდა პოლიტიკურ მოტივებს. მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებამდე გადაამოწმონ ინფორმაციის სიზუსტე", - წერია ფონდის განცხადებაში.

საქართველოში Bitfury-ის წარმომადგენელმა ეფრემ ურუმაშვილმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია მზადაა გამოაქვეყნოს ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის დამადასტურებელი ფინანსური დოკუმენტაცია, იმის საჩვენებლად, რომ ისინი არავითარი შეღავათებით არ სარგებლობენ.

Bitfury-ის საქართველოში ეკუთვნის 18-ჰექტარიანი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და მასში განთავსებული ბლოკჩეინ დატა ცენტრი, სადაც ბიტკოინების მაინინგი ხდება. აღნიშნული ცენტრის სიმძლავრე 40 მეგავატია. კომპანია ასევე ფლობს დაახლოებით 20 მეგავატის ცენტრს გორში.

საქართველოს მთავრობამ Bitfury-ის მიერ დაფუძნებულ კომპანიას 2015 წელს თბილისის მახლობლად გადასცა 18 ჰექტარის მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. გადაცემიდან რამდენიმე თვეში მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდა, რითიც ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობა საქართველოში არსებული ყველა ტიპის გადასახადისგან პრაქტიკულად სრულად გათავისუფლდა. მთავრობამ ამავე დადგენილებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თავისუფალი ეკონომიკური ზონის საზღვრების მონიტორინგი და მის შესასვლელში საბაჟო პუნქტის მოწყობა დაავალა.

ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებიდან მალევე, 2015 წლის 16 დეკემბერს, თბილისის ენერგომოხმარება 40 მეგავატით გაიზარდა, რისი მიზეზიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში კომპანია BitFury-ის დატა ცენტრის გახსნა იყო. 

ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც კომპანია საქმიანობას სწორედ თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან ახორციელებს არის ის რომ მას დენის ტარიფის შემადგენელი დღგ-ს გადახდა არ უწევს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ვებგვერდის მიხედვით, ტერიტორიაზე დენის ტარიფი 5 ცენტია. 

გადასახადები, რომელთა გადახდაც Bitfury-ის დატა ცენტრს არ უწევს: 

  • მოგების გადასახადი - 0%
  • იმპორტის გადასახადი - 0%
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოს მიერ გადახდილი პროცენტი და დივიდენდი არ იბეგრება და არ არის შეტანილი მიმღების დასაბეგრ საშემოსავლო ბაზაში
  • ვაჭრობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებს შორის გათავისუფლებულია დღგ–ს გადახდისგან (მათ შორის ელექტროენერგიის მიწოდებაც)
  • ექსპორტი გათავისუფლებულია დღგ–გან, საგადასახადო შეღავათზე უფლებით
  • საკუთრება, მათ შორის მიწა, რომელიც მდებარეობს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან

Bitfury-ის შესახებ

Bitfury კაიმანის კუნძულების ოფშორშია რეგისტრირებული და ის მისი შვილობილი კომპანიების გავლით ოპერირებს. Bitfury Group LTD რეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, კომპანიას ჰყავს შვილობილი კომპანია ლუქსემუბურგში - Bitfury (Luxembourg) Sàrl, რომელსაც თავისმხრივ ჰყავს შვილობილი კომპანია ნიდერლანდებში - Bitfury Holding BV. სწორედ აღნიშნული ჰოლდინგი ფლობს საქართველოში თავისუფალ ეკონომიკურ ზონას კომპანია "ჯორჯია თექნოლოჯი პარკის" მეშვეობით. ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას სახელწოდებით "ბი ეფ დი სი ჯორჯია."

Bitfury ერთ-ერთი მსხვილი ბლოკჩეინ კომპანიაა, რომელიც კრიპტოვალუტების გამოშვებისთვის - "მაინინგისთვის" აწარმოებს მძლავრ ჩიპებს და კომპანიებს სთავაზობს სხვადასხვა სახის ბლოკჩეინ სერვისს. Bitfury მისი დატა ცენტრების მეშვეობით სხვა კომპანიებისთვის სერვისის გაწევასთან ერთად ბიტკოინსაც გამოიმუშავებს. კომპანია საქართველოში: გორსა და თბილისში ფლობს ბლოკჩეინის ორ დატა ცენტრს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 60 მეგავატია. კომპანიამ 2014 წელს $20 მილიონიანი დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდისგან. 2016 წლის აპრილში Bitfury-იმ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ხელი მოაწერა ქონების რეგისტრაციის საპილოტე პროექტის დაწყებას. პროექტის შედეგად, საკუთრების შესახებ საქართველოს საჯარო რეესტრში შენახული მონაცემების ბლოკჩეინში რეგისტრირება ხდება. ოფიციალური მონაცემებით, 200 000-ზე მეტი დოკუმენტი საკუთრების შესახებ უკვე Bitfury -ის ბლოკჩეინში არის შენახული. კომპანია დატა ცენტრებს ასევე ფლობს კანადასა და ისლანდიაში.

Bitfury-ის დამფუძნებელი ვალერი ვავილოვი თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოში იყო ჩამოსული, რა დროსაც ტაბულამ მასთან რამდენიმეწუთიანი ინტერვიუს ჩაწერა შეძლო. ვალერი ვავილოვი თანაინვესტირების ფონდთან კავშირის შესახებ დასმულ კითხვას გაურბის და ამბობს:

"ვერ ვხდები ამ კითხვის შინაარსს, ვერ გავიგე ამას რატომ მეკითხებით? დიახ, Bitfury-იმ ცოტაოდენი დაფინანსება თანაინვესტირების ფონდისგანაც მიიღო, ეს არ არის განსაკუთრებით მსხვილი თანხა,"- პასუხობს ვავილოვი ტაბულას.

კომენტარები