ოჯახში ძალადობა

ომბუდსმენი დეა გოშხეთელიანის დაცვის მიზნით შსს-ს და პროკურორს მიმართავს

ტაბულა

სახალხო დამცველი ოჯახში ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანის მიმართ დაცვის ეფექტური ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს.

სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, ასევე, საფუძვლიანად გააანალიზონ ის საფრთხეები, რაც შესაძლოა მსხვერპლს და მის ოჯახის წევრებს ემუქრებოდეს და უზრუნველყონ დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.

"საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საფუძვლად უდევს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა ფემიციდის მაღალი რისკის შემცველია. ამასთან, ქვეყანაში ფემიციდის მაღალი რაოდენობა კვლავ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე მონიტორინგისა და რისკის შეფასების სისტემის არარსებობასთან არის დაკავშირებული. შედეგად, ხშირია ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეები, სადაც, სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა მსხვერპლის დაცვა და დახმარება ვერ მოხერხდა", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავმა უწყებამ, ოჯახში ძალადობის ბრალდებით მოძალადე დააკავა, თუმცა ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

"მსხვერპლს აქვს ძალადობის განმეორების რეალური შიში და აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი უწყებები ყველა ზომას მიიღებენ განმეორებითი ძალადობის პრევენციისთვის", - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მამა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, გრიგოლ ბაკურაძე მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს.

აღკვეთის ღონისძიების სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 5 იანვარს გაიმართა. პროკურატურა გრიგოლ ბაკურაძისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

კომენტარები