სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის

პროკურორი: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში მხოლოდ 2 დანა ფიგურირებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, რომ საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს. ზვიად ფხაკაძის თქმითვე, გარდაცვლილთა სხეულებზე არსებული დაზიანებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთმანეთთან თანხვედრაშია.

"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქმეში ორზე მეტი დანა ფიგურირებს. ეს არასწორია. ის, რომ საქმეში ორი დანაა, დასტურდება არა მხოლოდ ჩვენებებით, არამედ სხვა მტკიცებულებებითაც“, - თქვა პროკურორმა დღევანდელი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

ადვოკატ ეკატერინე მაჭარაშვილის ინფორმაციით კი, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კიდევ ერთი მოზარდი დაიჭრა. მისი თქმი, გამოძიებას ჯერჯერობით არ დაუდგენია, ვინ დაჭრა არასრულწლოვანი.

"დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ეს მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. რეალურად, იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიების ვერსიით დღეს არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის", - ამბობს ადვოკატი.

მოზარდების მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 იანვარს, 15.00 საათზე გაგრძელდება. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები