EMC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის

თამთა მიქელაძე
ტაბულა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნის. ორგანიზაციის იურისტის, თამთა მიქელაძის თქმით, პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის, ასევე შემდგომში მაჩალიკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენის საკითხი. 

"ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ. ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივი დაცვის საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული.ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის და აუცილებლობის საკითხი, ასევე, პრობლემურია დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობა. ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით დეტალურად და ცხადია, საბოლოო სწორება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე, ჩვენ გვაქვს სწორედ ადამიანის ევროპულ სასამართლოში. საქმის მიმართ მაღალი პოლიტიკური ინტერესის გამო ნდობა, რომ ადგილობრივ დონეზე მას სწორად გამოიძიებენ, ჩვენ არ გვაქვს",- ამბობს თამთა მიქელაძე.  

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაჭრეს. მაჩალიკაშვილი მას შემდეგ კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი სამკურნალოდ თურქეთის ერთერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და კლინიკასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. თურქეთში გადაყვანას მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. 

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. 

სუს-ი დაკავებულებს ახმედ ჩატაევის და თბილისის სპეცოპერაციის სხვა სამიზნეების დახმარებას ედავება.

კომენტარები