საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია დაიცავს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ბანკს დაცვის პოლიცია დაიცავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკვე გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმი და ბანკის უსაფრთხოების დაცვა და რისკების პრევენცია შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით მოხდება.

დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სერვისცენტრების დაცვას საპოლიციო ძალით უზრუნველყოფს, ხოლო პატრულირება სპეციალურად ბანკისთვის გამოყოფილი სათანადოდ აღჭურვილი ავტოსატრანსპორტით მოხდება.

შსს-ს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია სამინისტროს დაცვის პოლიციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ბანკის სერვისცენტრების, მათი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების გაძლიერება.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ დაცვის პოლიცია საქართველოს ბანკის ინკასაციას 2013 წლიდან ახორციელებს.

"დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. დაცვის პოლიცია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ოპერირებს, ხოლო დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიის მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლები რისკების პრევენციის შესაბამისი შეიარაღებითა და აღჭურვილობით ეფექტურად უზრუნველყოფენ დასაცავი ობიექტების უსაფრთხოებას", - აღნიშნავენ შსს-ში.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკი არაერთხელ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

კომენტარები