ქონებრივი დეკლარაცია

იზორია, თალაკვაძე და კიდევ 222 ჩინოსანი დეკლარაციაში ხარვეზისთვის დაჯარიმდნენ

ტაბულა

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 1000 ლარით დაჯარიმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ასევე დეპუტატები გუგული მაღრაძე, არჩილ თალაკვაძე, აკაკი ზოიძე, ასევე რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე და კიდევ 220 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოვლენილი დარღვევები შემდეგი ტიპისაა: შეუსაბამობა უძრავი ქონების მითითებულ და რეალურ ფართებს შორის; ოჯახის წევრების არადეკლარირებული უძრავი ქონება (სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); ცდომილება საბანკო ანგარიშების დეკლარაციის შევსების დღის მდგომარეობით ჩაწერილ და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებულ ნაშთს შორის; არადეკლარირებული საბანკო (დამხმარე) ანგარიშები; შეცდომით დაანგარიშებული მატერიალური შედეგები სასესხო ხელშეკრულებების შემთხვევებში.

საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, სულ 287 დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც 224 შემთხვევაში ხარვეზი გამოვლინდა (ეს მთლიანი მოცულობის 78%-ია).

დეკლარაციაში აღმოჩენილი დარღვევის გამო დაკისრებული 1000-ლარიანი ჯარიმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უკვე გადაიხადა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პირველ არხს განუცხადა და განმარტა, თუ რა სახის ხარვეზებია მისი და მისი კოლეგების დეკლარაციებში.

"ღია მმართველობა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ეს არის რეფორმა, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა პრიორიტეტი,", - ამბობს თალავკაძე.

კომენტარები