პანკისის სპეცოპერაცია

წიკლაური: ხელისუფლების დანაშაულია 19 წლის ბიჭის დაუნდობელი ჩაცხრილვა საწოლში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მთავრობის ქმედებები საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა საქართველოს მთავრობის კრიმინალური ქმედებების შედეგია, კერძოდ: ხელისუფლების დანაშაულია ჩატაევის ციხიდან გათავისუფლება 2012 წელს საქმის გამოძიების დასრულებმადე. ხელისუფლების დანაშაულია საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ჩატაევის საქართველოში შემოსვლა. ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისის ცენტრში სამხედრო ბაზის შექმნის შესაძლებლობის მიცემა, რამაც სპეცრაზმელის სიცოცხლე შეიწირა. ხელისუფლების დანაშაულია ტერორისტებისთვის თბილისში უპრობლემოდ გადაადგილების შესაძლებლობის მიცემა. ხელისუფლების დანაშაულია საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით, 19 წლის ბიჭის დაუნდობელი ჩაცხრილვა საწოლში. ხელისულფების დანაშაულია დროული სამედიცინო დახმარების არგაწევა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის მოქმედებები მიმართული იყო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჰუმანიზმის პრინციპების წინააღმდეგ. ენმ მხარს დაუჭერს სამოქალაქო პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას, რომელიც სიმართლის დადგენისკენ იქნება მიმართული,"- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დღეს დილით 8 საათზე დაიღუპა. იგი თითქმის ორი კვირა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კომენტარები