პანკისის სპეცოპერაცია

პრემიერი სპეცოპერაციაზე: წინასწარი დასკვნები აზიანებს სახელწიფო ინტერესებს

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პანკისში და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებს ეხმაურება. განცხადება პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად

"მინდა შევეხო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას - ეს არის ტერორიზმი - გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, როდესაც ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და თითოეული მათგანი სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა. ამ ოპერაციებს შეეწირა ჩვენი სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი და დაგვეჭრა - ოთხი. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას." - თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ წინასწარი განცხადებების და  დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს.

"მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის სწორედ ხელისუფლების ინტერესი, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები. ამიტომაც, დღეს, ამ ვითარებაში, წინასწარი განცხადებების თუ წინასწარი დასკვნების გაკეთება აზიანებს სახელწიფო ინტერესებს. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს.  მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია. ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად." - თქვა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა

მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 

თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ მისი შვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. მარგოშვილი ამბობს, ამ საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ ამოღებულია ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს. (სუს-ის ვერსია ჩატაევთან კავშირის და დახმარების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ)

ოპოზიცია და ომბუდსმენი სპეცოპერაციისას ძალის შესაძლო გადამეტების შესახებ კითხვებს სვამენ. სუს-ის განმარტებით, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ამას უარყოფენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილს მძინარეს ესროლეს.

კომენტარები