რუსული პროპაგანდა საქართველოში

რუსული პროპაგანდის გზები საქართველოში - სენატის კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა

რუსული პროპაგანდა

10 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის მომზადებულ ანგარიშში, რომელიც კონდოლიდირებულ და ნახევრად-კონსოლიდირებულ დემოკრატიულ ქვეყნებში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის დივერსიულ ტაქტიკას ეხება, ერთი თავი საქართველოს საკითხს ეთმობა. 

თავი საქართველოს შესახებ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის გახსენებით იწყება და წერია, რომ რუსეთმა კიბერთავდასხმა პირველად სწორედ საქართველოს შემთხვევაში გამოიყენა. 

"მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ისე ჩანდა, თითქოს ცხელი ომი მოულოდნელად დაიწყო, საქართველოში შეჭრამდე 1 თვით ადრე საქართველოს მთავრობამ რუსეთის მთავრობა ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა. 20 ივლისს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვებგვერდი 24 საათის მანძილზე იყო გათიშული. როცა 8 აგვისტოს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, თავდაცვისა და საგარეო მინისტრების, ეროვნული ბანკისა და კიდევ რამდენიმე უწყების ვებგვერდი კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა. საქართველოს ხელისუფლებამ ქმედებებში რუსეთი დაადანაშაულა, რაც კრემლმა უარყო. ობამას პრეზიდენტობის დროს პენტაგონის კიბერუსაფრთხოების ხელმძღვანელი მაიკ სალმეიერი ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმა "იყო პირველი შემთხვევა, როცა სამხედრო მოქმედებები და კიბერმოქმედებები ერთდროულად ხორციელდებოდა,"- წერია ანგარიშში.

ანგარიშში, ასევე, საუბარია ვარდების რევოლუციისა და ხელისუფლების სათავეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოსვლის შემდეგ საქართველოს დაახლოების პროცესზე დასავლურ სამყაროსთან და ამასთან განხილულია NATO-ს ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, სადაც წევრმა ქვეყნებმა განიხილეს შესაძლებლობა, საქართველოსთვის შეეთავაზებინათ წევრობისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა და რომ პუტინის მხრიდან საქართველოზე სამხედრო თავდასხმა გარკვეულწილად უკავშირდებოდა NATO-ს. 

"საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმების გარდა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყანაში პროპაგანდის გავრცელებას. მაგალითისთვის, ტელეკომპანია "ობიექტივი", მედია საშუალება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ულტრა-ნაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ, რუსულ დაფინანსებაზეა. "ობიექტივის" ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური ნარატივი პატრიოტთა ალიანსს დაეხმარა 2016 წლის არჩევნების დროს პარლამენტში მოხვედრილიყო. საქართველოში რუსულ პროპაგანდას უცნაური მახასიათებლები აქვს. მაგალითად, რუსული პროპაგანდის მიხედვით, აშშ "რიჩარდ ლუგარის სახელობის საჯარო ჯანდაცვის კვლევით ცენტრს" იყენებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ბიოლოგიური ცდები ჩაატაროს. საქართველოს ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში რამდენიმე პრო-რუსული ჯგუფი აქტიურობს, მათ შორის "რუსული ინსტიტუტი სტრატეგიული სწავლებებისთვის"და ფონდი "რუსული სამყარო", ორი კარგად ცნობილი ინსტიტუტი, რომელსაც კრემლი ქვეყნის გარეთ გავლენების მოსაპოვებლად იყენებს,"- წერია ანგარიშში. 

საქართველოს შესახებ არსებული თავის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც აშშ-მ უნდა გაითვალისწინოს რუსეთთან მიმართებით:

"• ჰიბრიდული ომი აქ არის: საქართველოს ომი იყო პირველი შემთხვევა, როცა კიბერთავდასხმები სამხედრო თავდასხმების პარალელურად განხორციელდა. ეს მექანიზმი დაიხვეწა და 6 წლის შემდეგ უკრაინაში განმეორდა. საქართველოს საქმე არის და უნდა იყოს ძალიან ყურადსაღები სხვა ქვეყნებისათვის, როგორიცაა მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები.

• ასიმეტრიული არსენალი მოქნილია: საქართველოში სამხედრო აგრესიის გამოყენების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ზეწოლა და გავლენის მოხდენა დეზინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერითა და პოლიტიკაში ჩარევით განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ რთული გასაზომია, რუსეთის ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ამ მრავალმხრივი გზების გამოყენებით, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საქართველოში. 

• დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება მთავარია: 2008 წლის შემდეგ წლების მანძილზე აშშ-მ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევისგან პრევენეციისთვის, მაგრამ არ იყო საკმარისი, რომ საქართველოს დახმარებოდა რუსეთის მხრიდან წამოსული დაბრკოლებების მეთოდებთან სრულად დასაპირისპირებლად".

კომენტარები