ტუღუში: მხარს დავუჭერთ, თუ პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს

იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს, ევროპული საქართველო ამას მხარს დაუჭერს. პარტიის წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელი ბიუჯეტიდან არც თუ ისე მცირე თანხით ფინანსდება, ამიტომ ისედაც მწირ მედია ბაზარზე მოთამაშედ არ უნდა დაემატოს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით ისედაც ამ მწირ ბაზარზე დამატებითი მოთამაშე კერძო მაუწყებლებს ნამდვილად არ სჭირდებათ და დგებიან არათანაბარ პირობებში, ვინაიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელს გარანტირებულად აქვს ბიუჯეტიდან დაფინანსება და არც თუ ისე მცირე. პრეზიდენტის ვეტო არც თუ ისე მძიმეა, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ცვლილებების ამ სახით მიღებას. თუ იგი გამოიყენებს ვეტოს, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ,“ - თქვა ტუღუშმა.

პარლამენტმა 2017 წლის 22 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას გულისხმობს. 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს". 

საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. 

65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან. 

პრეზიდენტს ვეტოს დადება არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ მაშინ სთხოვეს, როცა კანონი პარლამენტში განიხილებოდა. მათი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები