აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანის პროკურატურამ აფგან მუხთარლისთ​​ვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა

აზერბაიჯანის პროკურატურამ აფგან მუხთარლისთ​​ვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. ამის შესახებ მისმა ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ ფეისბუქზე დაწერა. 

"პროკურორმა ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთვის 8 წლიანი პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლემ აფგანს ბოლო სიტყვის თქმა სთხოვა, მან კი უპასუხა: "თქვენ არ შეგიძლიათ ამის თხოვნა. ჩემს სიტყვას სიცოცხლის ბოლომდე ვიტყვი", - წერს მუსტაფაევა

ავგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანის სასამართლომ განაჩენი შესაძლოა დღეს გამოიტანოს. „დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ალბათ უკვე თავად აფგანი მისცემს ჩვენებას სასამართლოს და შემდეგ სასამართლო განაჩენს გამოიტანს. გამორიცხული არ არის, რომ ეს ყველაფერი დღესვე მოხდეს“, - უთხრა ინტერპრესნიუსს მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხტარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა. 

კომენტარები