კეზერაშვილი საქმე

დავით კეზერაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა

AFP.com

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ საქმეზე გაამართლა. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეზე კეზერაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი 2015 წლის 2 ივლისს წარუდგინა. 

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი, რომელიც წლიურად ათეულობით მილიონი ლარის მოგებასთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში, ხსენებული ბიზნესის მესაკუთრეები იყვნენ მამა-შვილი: თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები. პროკურატურის ცნობით, კეზერაშვილმა ბიზნესი ძალადობის გამოყენების მუქარით მიითვისა.

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ამ ეტაპზე  სისხლის სამართლის ერთი საქმე მიმდინარეობს. ტელეკომპანია იმედის საქმეზე, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ქართულმა სასამართლომ ის ოთხ სხვა საქმეში უდანაშაულოდ ცნო. საქართველომ კეზერაშვილის ექსტრადირება ორ ქვეყანას სთხოვა - 2013 წელს მის გადმოცემაზე უარი საფრანგეთმა თქვა, ფრანგულმა სასამართლომ მიზეზად საქმეში შესაძლო პოლიტიკური მოტივი დაასახელა. იმავე მიზეზით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ექსტრადირებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმაც. 2015 წლის ივლისში კი, კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდანაც ამოიღეს.

 

 

 

კომენტარები