ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის და მისი მამის ცემაში ბრალდებულს სააპელაციომ პატიმრობა შეუფარდა

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

"გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება, რომლის მიხედვით, გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული ბაკურაძე. ის დააკავეს სხდომათა დარბაზშივე", - განუცხადეს ტაბულას სასამართლოში.

ბაკურაძე, რომელმაც ყოფილი ცოლი, დეა გოშხეთელიანი და მისი მამა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

გოშხეთელიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. 

"პატიმრობის შუამდგომლობა პირველ ინსტანციაშიც იყო დასაბუთებული, მაგრამ მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტს, რომელიც უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ამ პიროვნებას შემაკავებელი ორდერის დარღვევაც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ ერთობლიობით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და შეუფარდა პატიმრობა. მთავარი იყო მისი იზოლირება, რომ დეა გოშხეთელიანს საფრთხე არ ჰქონოდა. ახლა უკვე ჩვენ თანმიმდევრულად გავუყვებით საქმეს, გავეცნობით საქმის მასალებს, ჩატარდება გამოძიება", - ამბობს ადვოკატი რევაზ აჭარაძე.

დეა გოშხეთელიანი ტაბულასთან ყვება, რომ დაშორებიდან 6 თვის შემდეგ, 3 იანვარს, ყოფილი ქმარი, გრიგოლ ბაკურაძე მასთან სახლში მივიდა და წლის და 8 თვის ბავშვის თანდასწრებით ის და მამამისი სცემა. გოშხეთელიანმა პატრულში დარეკა, რის შემდეგაც ბაკურაძე დააკავეს.

"მას ჰქონდა მამაოს რეკომენდაცია, მეზობლების და სამსახურის დახასიათება", - ამბობს დეა გოშხეთელიანი.

ის არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილი მამამთილის გავლენებს უკავშირდებოდეს. გოჩა ბაკურაძე ამ დროისთვის ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია, მანამდე კი, როგორც გოშხეთელიანი ამბობს, ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.

ძალადობის მსხვერპლი ყვება, რომ ყოფილი მამამთილი ხშირად საუბრობდა ხელისუფლებაში ნაცნობების შესახებ, მათ შორის, ხაზს უსვამდა შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან მეგობრობას.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას - ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე, ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 12 თებერვალს გაიმართება, შემდეგ კი არსებითი განხილვა, სადაც მოსამართლე ბაკურაძის სასჯელის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

კომენტარები