მკვლელობა

შსს: აბაშაში დავაკავეთ პირი, ვინც ნაცნობი მოკლა და ცხედარი რიონში გადააგდო

0 კომენტარი
ფოტო: flickr

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 40 წლის, ხოლო დანაშულის დაფარვის ბრალდებით 27 წლის პირი დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2017 წლის 31 დეკემბერს ოჯახმა პოლიციას 28 წლის ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ შეატყობინა, რის შემდეგაც გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით (სსკ-ის 143-ე მუხლი) დაიწყო. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ტ. აბაშაში,  ხოლო რ.გ. ზუგდიდში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით).

"ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით", - აცხადებენ შსს-ში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თერიკა

კომენტარები