რძის ნაწარმის რეგლამენტი

სანიტარული ნორმების დარღვევისთვის 2017 წელს 11 კომპანიაში საწარმოო პროცესი შეჩერდა

www.alfa-editores.com

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს რძის პროდუქტების მწარმოებელი, გადამამუშავებელი და რეალიზატორი 424 კომპანია შემოწმდა. გამოვლენილი დარღვევების გამო 56 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, მათგან 11-ს კი, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"კომპანიებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, რომელიც გულისხმობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას საწარმოო პროცესში, რაც სურსათის უვნებლობის სტანდარტის დაუკმაყოფილებლობას ნიშნავს", - უთხრეს ტაბულას სააგენტოში.

უწყებაში არ ასახელებენ იმ კომპანიების სახელებს, რომლებშიც დარღვევები აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ "აღნიშნულმა კომპანიებმა გაითვალისწინეს სააგენტოს მიერ მიცემული რეკომენდაციები, გამოასწორეს დარღვევები და საწარმოო პროცესი უკვე აღდგენილი აქვთ".

უწყების ინფორმაციითვე, საწარმოების სანიტარიულ მდგომარეობასთან ერთად, შემოწმდა პროდუქციის შესაბამისობა რძის ტექნიკურ რეგლამენტთან. შედეგად, ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 24 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

"რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის შემცველობის განსაზღვრაზე აღებულია 105 ნიმუში; Listeria monocytogenes-ის კვლევაზე - 120 ნიმუში, სალმონელაზე - 255 ნიმუში. მნიშვნელოვანია, რომ დარღვევა ამ კუთხით არ გამოვლენილა", - აცხადებენ სეს-ში.

ცნობისთვის, რძის ტექნიკური რეგლამენტი 2015 წლის აგვისტოში ამოქმედდა, 2017 წლის 1 ივლისს კი ძალაში შევიდა მოთხოვნა, რომლის თანახმად, დასახელება "ყველი" შეიძლება ეწოდოს მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, რძის ფხვნილის გამოყენებისას ეტიკეტზე "ყველის" მითითება დაუშვებელია. ცვლილებები შეეხო "შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის" განმარტებასაც. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელია კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79%-ს შეადგენს. დაუშვებელია ეტიკეტზე ტერმინ "კარაქის" გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტი იცავს როგორც მომხმარებლის უფლებას, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

კომენტარები