აფგან მუხთარლი

ლეილა მუსტაფაევა: კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის თანამონაწილეა

ლეილა მუსტაფაევა

ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა ქმრის, აფგან მუხთარლის დაპატიმრებაში აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებს ადანაშაულებს. მუსტაფაევა ფეისბუქზე წერს, რომ ქართული ოცნების მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით დანაშაულის თანამონაწილეა. 

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის, რომელიც საქართველოდან 29 მაისს გაიტაცეს, აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ლეილა მუსტაფაევა წერს:

"აფგან მუხთარლის 6 წელი მიუსაჯეს. მე ამ გადაწყვეტილებას აღვიქვამ, როგორც აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების მთავრობა გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით არის ​აფგან მუხთარლის დაკავებასა და დაპატიმრების თანამონაწილე. დანაშაული საქართველოში დაიგეგმა და აზერბაიჯანში გაგრძელდა. ის საქართველოდან 8 თვის წინ გაიტაცეს.  

მისი დაკავება არის საერთაშორისო დანაშაული ორ ქვეყანას, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. ორივე ქვეყანა პასუხისმგებელია. 

მისი სასამართლოს მიმდინარეობის განმავლობაში აშკარა იყო, რომ თანამდებობის ორმა პირმა, აზერ შირინოვმა და ჯეჰუნ გულამოვმა, რომლებიც აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, აფგანი ქართველებისგან ლაგოდეხიდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიყვანეს. 

პროკურორმა 8 წლით პატიმრობა მოითხოვა. მუხლები, რომლებითაც აფგანის წინააღმდეგ საქმე მიმდინარეობდა, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დამატებით ერთი წლის მოთხოვნა პოლიტიკურ დაკვეთაზე მიუთითებს. 

​აფგანი დამნაშავე არ არის არც ერთ ბრალში, რომელსაც მას ედავებიან - ისინი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ის მისი პროფესიული საქმიანობის გამო დააკავეს, იმის გამო, რომ საქართველოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობას იძიებდა და წერდა კრიტიკულ სტატიებს და ფეისბუქ პოსტებს აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების შესახებ. 

აზერბაიჯანის და საქართველოს მთავრობებმა გაანეიტრალეს ერთი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგანის თავისუფლების შეზღუდვით და დაპატიმრებით. თუმცა, მე დავასრულებ მის გამოძიებებს, მისი კოლეგები კი მუშაობას გააგრძელებენ". 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით, სასამართლომ კი მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომაც. 

მოგვიანებით მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. ჩოფიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის, სულ მცირე, 10 მუხლი დაირღვა.

კომენტარები