აფგან მუხთარლის საქმე

სახ.დეპ: მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი

აფგან მუხთარლი
Azadliq.org

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება ჟურნალისტის გატაცების შესახებ საქართველოში მიმდინარე გამოძიებას.

"აშშ შეშფოთებულია 12 იანვრის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გავრცელებული ინფორმაციით, მუხთარლი საქართველოდან 30 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში ჩაიყვანეს, სადაც კონტრაბანდისთვის წარუდგინეს ბრალი. საქმე ფართო წრეებში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.

მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს მუხთარლი და ყველა ის პირი, ვინც სასჯელს საკუთარი ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისთვის იხდის.

ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე გამოძიებას მუხთარლის გატაცების საქმეზე და ვიმედოვნებთ, რომ ის იქნება სრული, გამჭირვალე და დროული“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა ჟურნალისტისთვის 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში დაკავებული ჰყავდათ. თუმცა მისი პასპორტი თბილისში მის ცოლს ჰქონდა. მუხთარლის აზერბაიჯანულმა პოლიციამ ბრალი 3 მუხლით წარუდგინა: სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით. მუხთარლი დაკავების დღიდან აცხადებს, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. 

აფგან მუხთარლის და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა. 

კომენტარები